Friday, October 17, 2014

პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები

პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს დაიწყო და 1918 წელს დასრულდა. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ბრძოლას ჰეგემონობისათვის, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი შეეწირა.ომის დაწყებას რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა შეუწყო ხელი.

მე–19 საუკუნის 70–იან წლებში ახლად გაერთიანებული გერმანია ეკონომიკურად საკმაოდ გაძლიერდა. გაძლიერებულ გერმანიას, სხვა ქვეყნების მსგავსად, მოუნდა გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება, დაეარსებინა კოლონიები აფრიკასა და აზიაში.
ამ პერიოდში, გერმანიას საგრძნობლად დაეძაბა ურთიერთობა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. გერმანია ეხმარებოდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყებულ ერებს.
ურთიერთობის დაძაბვას თან ერთვოდა ისიც, რომ დიდ ბრიტანეთს არ მოსწონდა გერმანიის ასეთი თვალსაჩინო ეკონომიკური დაწინაურება. ამასთანავე, 1898 წელს გერმანიამ დაიწყო სამხედრო–საზღვაო ფლოტის მშენებლობა.ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მოკავშირეების ძებნა. სახელმწიფოებმა დაიწყეს სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკებში გაერთიანება.
დიდ ბრიტანეთს თავისთავად მხარში ამოუდგა საფრანგეთი, რომელსაც, როგორც უკვე ვახსენეთ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გერმანიასთან. გარდა ამისა, საფრანგეთს პირადი მოტივებიც ამოძრავებდა. საფრანგეთი დამარცხდა გერმანიასთან პრუსიის ბრძოლაში და მას სურდა დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები: ალზასი და ლორენი (გერმანულად ელზასი და ლოთარინგია).

ევროპაში პირველი სამხედრო–პოლიტიკური ბლოკი შექმნეს გერმანიამ, იტალიამ და ავსტრია–უნგრეთმა და ამ ბლოკს "სამთა კავშირი" ეწოდა (1882 წელი).
თავის მხრივ, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს მხარი დაუჭირა რუსეთმა, მათ 1904–1907 წლებში შექმნეს გაერთიანება, რომელსაც ანტანტა ეწოდა და რომელიც "გულითად შეთანხმებას" ნიშნავს.

ამგვარად, მე–20 საუკუნის პირველ ათწლეულში ევროპაში განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია იყო და პატარა საბაბიც კი საკმარისი აღმოჩნდა ომის დასაწყებად.
იმ პერიოდში ბოსნია–ჰერცოგოვინა ავსტრია–უნგრეთის მიერ იყო ანექსირებული და იქ ძლიერი მოძრაობა არსებობდა, რომელიც მიზნად ისახავდა ბოსნია–ჰერცოგოვინას განთავისუფლებას და სამხრეთ სლავების გაერთიანებას. 1914 წლის 28 ივნისს ბოსნია–ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში სერბმა სტუდენტმა, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ბოსნიის" წევრმა გავრილო პრინციპმა ავსტრია–უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც–ფერდინანდი მოკლა. ფრანც–ფერდინანდის მკვლელობამ პირველი მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა.

.



გავრილო პრინციპი– სტუდენტი, რომელმაც მოკლა ფრანც ფერდინანდი.

No comments:

Post a Comment